ჩვენი გუნდის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებით და ათვისებით, მოვახერხებთ, რომ მაღალმთიან აჭარაში შეწყდება მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის განვითარებას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებას „შუამთობის“ დღესასწაული მიულოცა.
„წელს პირველად მომეცა შესაძლებლობა, სახალხო დღესასწაულზე მოგმართოთ სიტყვით და თქვენთან გავატარო ეს დაუვიწყარი დღე. დიდი ბედნიერებაა, დღეს უამრავი ადამიანი მოვიდა აქ, ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ შევძელით, მოვახერხეთ და გადავარჩინეთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენი ტრადიციები. ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ.
არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი გუნდის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებით და ათვისებით, მოვახერხებთ, რომ მაღალმთიან აჭარაში შეწყდება მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის განვითარებას.
აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, ჩვენი საამაყო მემთეურების როლი, მათ თავდაუზოგავი შრომით და საოცარი ენერგიით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ბარის მხარდაჭერასა და განვითარებაში. ჩემს მთავარ მიზანს წარმოადგენს, ის კეთილდღეობები და შესაძლებლობები, რაც იქმნება აჭარაში, მაქსიმალურად თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენს მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამას ერთობლივად შევძლებთ. გილოცავთ ამ სახალხო დღესასწაულს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.