დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა შიდა და საერთაშორისო დონეზე არის დადასტურებული - შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2025, 09:59 112 ნახვა

ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა ის, რაც მანამდე პარიზის არბიტრაჟმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა, ხაზარაძე და ჯაფარიძე თაღლითური სარჩელებით, ცდილობდნენ, ხალხის ჯიბიდან, 1,5 მილიარდი დოლარის (საქართველოს ბიუჯეტის 15%) ამოცლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ "მანამდე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მეანაბრეების მიერ მათი ბანკისთვის მიბარებული 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს".

„დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებული და, შიდა და საერთაშორისო დონეზე, დადასტურებულია. დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ, ვითომ დაზარალებულის მანტიით პარტია „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო. უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის), რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს. არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან (რომელიც ALDE-ს ისედაც მორყეული აქვს), მათ რიგებში, ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის და რომელთა თაღლითური სარჩელები, რომლის მიზანიც ქვეყნის ბიუჯეტის 15%-ის მითვისება იყო, საერთაშორისო სასამართლოებმაც ამხილეს. ცალკე საკითხია ამ პარტიის ტოპტვინი წევრები და მხარდამჭერები, რომლებსაც ან ტოპტვინობა არ ჰყოფნით, რომ მიხვდნენ, რამდენად პრიმიტიული თაღლითური სქემის მონაწილეები არიან, ან ხვდებიან, მაგრამ, „დიდი კომბინატორის“ მაგალითზე, ტოპთაღლითობას ეწაფებიან. ფაქტია, „ლელო“ თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის“ წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა“, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობითვე, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი, ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი