საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თურქმენეთი ქალაქ ავაზაში მასპინძლობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 5 აგვისტოს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე. ირაკლი კობახიძე აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს და გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს.
ირაკლი კობახიძე სამიტზე დასასწრებად დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.