ჩვენი ძალისხმევა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის სრული მზაობის მქონე“ ქვეყნების ახალი შეფასების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს წამყვან 3 ქვეყანას შორის მოიაზრება 2024 წლიდან სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ გლობალურ ლიდერებად მიიჩნევენ საქართველოს რეგულირების ხარისხით, საჯარო სერვისების ეფექტიანობითა და ოპერატიულობით.
„მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში – მხოლოდ 9.9 პროცენტიანი განაკვეთით. გარდა ამისა, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის ინდექსში. ჩვენ შევქმენით ბიზნესგარემო, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან, ტექნოლოგიურად განვითარებულია და სანდოა კორპორატიული მართვის თვალსაზრისით.
მრავალფუნქციურ და მრავალმიმართულებიან ჰაბად ქცევის ჩვენეული ხედვა მხარდაჭერილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის ზრდას. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მშრალი პორტები, ყველა ეს პროექტი აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს აზიასა და ევროპას შორის მდებარე შუა დერეფანში. ეს ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს, რათა გაიხსნას ბაზრები, შემცირდეს სატრანზიტო ხარჯები და ჩვენი ეკონომიკები ინტეგრირდეს გლობალურ სისტემაში. მოლაპარაკებების წარმოება დასჭირდებოდათ სხვა შემთხვევაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მიზანია, იყოს მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი, კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი.
„საქართველოს ხედვა არის ნათელი: არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ — ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი, კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი. ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქრეობსა და რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად. ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არმქონე პარტნიორებისთვის - ეს არის ურთიერთმომგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონული ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად აქცევს, რომელიც აერთიანებს კონტინენტებს და აკავშირებს ბაზრებს.
„ჩემთვის დიდი პატივია გაერო-ს მესამე კონფერენციას „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის“ მივმართო საქართველოს სახელით, რომელმაც შეძლო და შეზღუდვად-აღქმული გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობად აქცია რეგიონული დაკავშირებადობისა და გლობალური ვაჭრობის განვითარებისთვის.
ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ.
ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიზნესისთვის საქართველო ყველაზე მოკლე სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისკენ, არამედ ცენტრალური აზიისა და უფრო ფართო აღმოსავლური ბაზრებისკენ.
„ჩვენი აღმოსავლელი, სახმელეთო მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ევროპის კარიბჭეა. თუმცა, მხოლოდ კარიბჭეობა საკმარისი არ არის, საჭიროა, რომ ეს კარიბჭე ეფექტიანი იყოს. სატრანზიტო ოპერაციების ეფექტიანობა მოითხოვს გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს, სტრატეგიულ ინვესტიციებსა და მომსახურების მაღალი ხარისხისადმი ერთგულებას. სწორედ ამ გზას ადგას საქართველო უკვე ათწლეულზე მეტია და შედეგებიც ამას ადასტურებს“, - განაცხადა პრემიერმა.