კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავდოთ პირობა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ამისთვის ბევრი რამ კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს: „დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველომ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზიდან, რის გამოც ქართულ დელეგაციას არ იწვევს დეკემბერში გასამართ კონფერენციაზე. პარალელურად, შალვა პაპუაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. კოზაკის სესიაზე არ მიიწვიეს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და როგორია საქართველოს კურსი?“
"რბილად რომ ვთქვათ, ეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო სრულად მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავდოთ პირობა, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად 20230 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მაგალითად, მოლდოვის ეკონომიკას შორის. ყველა ეს ნაბიჯი, რეფორმა ემსახურება იმას, რომ საქართველო, მათ შორის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა კობახიძემ.