პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
პრემიერის თქმით, 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი და ეს დღე შეახსენებს ყველას, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება.
"პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას. 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების და არა გარე ძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, იმისათვის, რომ არ განმეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა, და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის შეფასებით, „ნაცობა“ არის კატასტროფა და „ნაცობა“ და ლოგიკა ერთმანეთთან არ არის თავსებადი.
„რაც შეეხება თარიღს, კიდევ ერთი კატასტროფა, რაც უკავშირდება „ნაცობას“ და „ნაცობის“ ალოგიკურობას, ეს არის თარიღთან დაკავშირებული. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2009 წელი, 2010 წელი, 2011, 2012 წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ, როდის დაიწყო ომი? ეს ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა“. გაემიჯნეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ შეიძლება, მუშაობდე ტვ პირველში და ფორმულაში იმიტომ, რომ ეს ნიშნავს „ნაცობას“ და სირცხვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.