დღევანდელი დღე გვაფიქრებს, რამდენად მყიფეა მშვიდობა და სიტუაცია შეიძლება, მომენტალურად შეიცვალოს, თუ ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს - შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2025, 12:08 108 ნახვა

დღევანდელი დღე გვაფიქრებს თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა და სიტუაცია შეიძლება, მომენტალურად შეიცვალოს, ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 8 აგვისტოს ქვეყანა იხსენებს ომში დაღუპულ ჯარისკაცებსა და მათ მიერ ჩადენილ გმირობას.

„დღეს ვიხსენებთ 17 წლის წინ, აგვისტოს თვეში დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს, დაღუპულ მოსახლეობას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1700-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. 125 სოფელზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა. ეს დღე ჩვენ ბევრ რამეზე გვაფიქრებს. გვაფიქრებს ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე. გვაფიქრებს ჩვენ მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო გამოსულიყო საომარი ტერიტორიიდან და გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა. დღესაც, ისევე მყიფეა მშვიდობა და ისევე მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუ ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს. ამიტომ, ეს დღე არის, ერთი მხრივ, ჩვენი გმირების მოგონების და, მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე.

 

2008 წელს ჩვენ გვყავდა მარიონეტული რეჟიმი, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სახით. მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა იმისთვის, რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებით, ამის შედეგი არის აგვისტოს ომი. ამის შედეგი არის შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც, ერთი მხრივ, საუბრობდნენ ოკუპაციაზე და მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში. როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ რეჟიმსა და პატრიოტულ რეჟიმს შორის. სინამდვილეში კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო ომი, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვა, რომლისგანაც გაქცევას ცდილობს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი,არის თუ რატომ დაიწყო ომი. ამ კითხვაზე პასუხი არსებობს და ამ კითხვაზე პასუხი არის 2022 წელს გაცემული, როდესაც ომი არ დაიწყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ომის დაწყების თარიღებით მანიპულირების მცდელობები არის ყურადღების გადასატანად კითხვიდან, რატომ დაიწყო ომი.

"მთავარი კითხვა არის არა ის, როდის დაიწყო ომი, არამედ რატომ დაიწყო ომი. სწორედ ამ კითხვიდან ყურადღების გადასატანად არის თარიღებით მანიპულირების მცდელობები.

ამას აქვს მეორე დატვირთვაც, საზოგადოების გახლეჩვა. ეს არის ზუსტად იგივე, რაც უნდა, როდესაც საუბრობენ, რომ შობა უნდა აღინიშნოს 25 დეკემბერს, თუ 7 იანვარს. ზუსტად ეს არის, როდესაც საუბრობენ, ფაშიზმზე გამარჯვება უნდა აღინიშნოს 8 მაისს, თუ 9 მაისს. 9 მაისს, ევროკავშირმა ჩაატარა ღონისძიება, ევროპის დღე და ერთი სიტყვითაც არ ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში. 9 მაისი გაატარეს ჩუმად ისე, არც კი ახსენეს, რომ საქართველოს შეტანილი აქვს უდიდესი წვლილი, ვიდრე ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ზუსტად ეს არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით,  გმირების ოჯახების რეაქციისა და კომისიის ვერდიქტის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებას და მფარველებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი