ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრი აირჩია.
ცესკო-ს ინფორმაციით, კანდიდატების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.
„ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51- მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკო-ს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ. ბოლო ექვსი საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან: საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 69 კომისიის წევრს, რაც საერთო რაოდენობის 32 პროცენტს შეადგენს; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 22 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს; საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 188 წევრს, რაც საბოლოო რაოდენობის 86 პროცენტს შეადგენს; სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება ჰქონდა 48 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს; საგანმანათლებლო პროექტებში 2020 წელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კომისიის 92 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 42 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში – 76 წევრს, რაც 35 პროცენტს შეადგენდა და 2024 და 2025 წლებში – 24 წევრს, რაც 11 პროცენტს შეადგენდა. 73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკო-მ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.