ამ წუთებში ანკარაში საქართველოს პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს.
ვიზიტის ფარგლებში იმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. მიხეილ ყაველაშვილს რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტის სასახლეში მასპინძლობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს. ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია თურქეთში.
მიხეილ ყაველაშვილი დღეს დილით ანკარაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები.