საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.
ცესკო-ს ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მერობის თითო კანდიდატი წარადგინოს, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.
რეგისტრირებულმა პარტიამ/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების)/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით, თან უნდა დაურთოს მერობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ.