ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით ტენდენციები შემაშფოთებელია.
„თქვენ იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი, ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ. მზად ვიქნებით 2030 წლისთვის თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის უკუსვლა. იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება ევროკავშირის მასშტაბით დემოკრატიული სისტემა. უკეთ იქნება დაცული ადამიანის უფლებები და გაძლიერდება ეკონომიკა. “, - განაცხადა პრემიერმა.