2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს, გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით - საგამოძიებო კომისია

02 სექტემბერი 2025, 15:29 86 ნახვა

საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, – ამის შესახებ ნათქვამია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში წარადგინა.

დასკვნის თანახმად, ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც, 2019 წლის ივლისამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არაერთი წლის მანძილზე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე.

„ასევე ყურადღებას საჭიროებს დავით ქაცარავას („ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) როლიც, რომლის საქმიანობასაც, მოცემულ გეოგრაფიულ არეალში არაერთი პროვოკაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების ინციდენტები უკავშირდება (სოფ. ჩორჩანა, ატოცი, აბანო)“, - აღნიშნულია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში