საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ ქართველ ხალხისთვის ზემოდან ყურებას.
„დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც ყველა რეიტინგთან შედარებით საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. ამიტომ, იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გაირკვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ცინიკურად, ქილიკით საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე.
„აქ გარკვეულ პარალელებსაც ვხედავთ იმასთან, რაც დღეს ამერიკაში ხდება. ლიბერალების მხრიდან, როდესაც ქილიკობენ ადამიანის სიკვდილზე, ზუსტად იგივე მორალის, იგივე სახის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქართველოში საუბარი. ფაქტია, რომ მათ ეს ადამიანი ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ყველაფერი შეიძლება, ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანების გარდაცვალებაზე, მაგრამ ხომ გაიგო, რამდენიმე დღეა. იმ განცხადებებზე ალბათ უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ჰერჩინსკისგან ვხედავთ. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაზეც ვსაუბრობდით. ერთი მხრივ, როდესაც კარგი საქმეები კეთდება მათი დაფინანსებით, ამით თავს იწონებენ, ფოტოებს იღებენ, მაგრამ ირკვევა, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებენ, იქ ჩუმდებიან და ემალებიან ქართულ საზოგადოებას.
ჩემი სურვილი იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკი დაემალოს ქართველ ხალხს, უპასუხოს ამ კითხვებს. კითხვა მარტივია – აპირებს თუ არა ის, გააგრძელოს იმ ადამიანის დაფინანსება, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.