ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის 10 000 მგვტ ​მაჩვენებელს მივაღწიოთ, რაც მოგვცემს საშუალებას, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით - პრემიერი

18 სექტემბერი 2025, 15:14 142 ნახვა

ჩვენი ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის მივაღწიოთ 8 000 მგვტ მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის მივაღწიოთ 10 000 მგვტ-ს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი პოლიტიკა და მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორებიც არის „ხუდონის“, „ნენსკრას“, „ნამახვანის“ პროექტები.

„ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საბოტაჟი. ამ ეკონომიკურ საბოტაჟში სხვადასხვა სუბიექტი იყო ჩართული. მათ შორის, უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, პირდაპირი გაგებითაც. ქვეყანას უწევს კონკრეტული პროექტის შემთხვევაში ათეულობით მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურება სწორედ ამ ეკონომიკური საბოტაჟიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მაშინ არ ჰქონდა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, რომ დაპირისპირებოდა ამგვარ საბოტაჟს, თუმცა დღეს სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი, მათ შორის, ასეთი მსხვილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცადებით, იყო საბოტაჟის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ადამიანები საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობას და შემდეგ ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ კონკრეტულ პროექტებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად პრინციპული იქნება.

„ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესებისა და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩამოყალიბდება ახალი პრაქტიკა. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან და კერძო სექტორთან მუდმივი კონსულტაციები. სწორედ ასეთი კონსულტაციების, რჩევების საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი