აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ჯანდაცვის ფორუმს დაესწრო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის, სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის.
„ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის სახელმწიფოს მთავარი სიმდიდრე და ქვეყნის სტაბილური წინსვლის საწინდარი. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვა ყოველთვის იყო და იქნება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამაყი ვარ, რომ აჭარის მთავრობას მრავალფეროვანი პროგრამები აქვს ჯანდაცვის მიმართულებით და ყოველწლიურად ფართოვდება ბენეფიციართა რიცხვიც. უმნიშვნელოვანესია, რომ ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა რეგიონში ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამის მიღწევა კი შესაძლებელია საერთო ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და საზოგადოების მხარდაჭერით. მადლობა თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის, ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ფორუმის მონაწილეებს სამინისტროს მიმდინარე პროგრამები და სიახლეები გააცნო. მინისტრის ინფორმაციით, 2026 წლიდან, პროგრამები ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით გაფართოვდება.
,,ჯანდაცვის ფორუმს" აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.