სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის მიდგომა, რომ დიპლომატები უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში - პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2025, 11:52 126 ნახვა

დიპლომატს იმიტომ ჰქვია დიპლომატი, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ, სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ  „საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკა საფრანგეთის მიმართ მიუღებელია დიპლომატისთვის“.

"სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. სწორია, როდესაც სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიპლომატებს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, მათ კონვენციიდან გამომდინარე აქვთ პრივილეგიები და ამ პრივილეგიის საპირწონედ დგას ის თავშეკავებულობა, რომელიც მათ უნდა გამოიჩინონ შიდა საკითხებში ჩარევისგან თავის შეკავების სახით.

იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე ისაუბრონ, ამისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, მათივე ქვეყნის ხელმძღვანელობა. თუმცა დიპლომატს იმიტომაც ჰქვია დიპლომატი და ამაზე პრეზიდენტმა მაკრონმაც ისაუბრა, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ, სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანა, როდესაც თავად ხდება ხოლმე სხვადასხვა ჩარევის ობიექტი, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზეც გახსოვთ საფრანგეთის განცხადება, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, თავად რომ ხვდებიან, აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს, დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას, განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკის ნაწილში.

„საფრანგეთს აქვს შესაძლებლობა, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც შეიძლება, ჩვენ გეოგრაფიული თუ სხვა დაცილების მხრივ არ გვქონდეს უშუალო დიპლომატიური კომუნიკაცია, ამ მხრივ იმუშაოს ამ ქვეყნებთან, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული. იცით, რომ საფრანგეთს საქართველოში ჰყავს ახალი ელჩი, რომელსაც მე დღეს შევხვდი და გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და დარწმუნებული ვარ, მისი განწყობიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი იქნება, ის ურთიერთობები, რომელიც გვინდა, არსებობდეს ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს ურთიერთობები დაუბრუნდება ამ წერტილს.

ჩვენი მხრიდან ურთიერთობები ვერ გაფუჭდება. ჩვენი ინტერესი არის, ყველასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა და არ იყოს ესკალაციაში რომელიმე ქვეყანასთან, განსაკუთრებით როდესაც საფრანგეთზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა ღია ურთიერთობისა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე. ჩვენი ერთადერთი წინაპირობა არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა. ვფიქრობ, საფრანგეთის ახალი ელჩი ამ მხრივ ძალიან მოწადინებულია და ჩვენი მხრიდან მას ექნება ყოველგვარი ხელშეწყობა, რომ ეს ურთიერთობები დაბრუნდეს იმ ნიშნულზე, სადაც გვინდა, რომ ვიხილოთ ის. ამ მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში