4 ოქტომბერი ჩაივლის ძალიან მშვიდად, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას - პრემიერი

22 სექტემბერი 2025, 15:45 110 ნახვა

4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე. თუ ვინმეს მაინც წაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას.

„4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე. თუ ვინმეს მაინც წაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა კანონის დამრღვევს საკადრისი პასუხი გაეცემა.

„ბუნებრივია, საქართველო არის დემოკრატია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია, შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თავში აზრად თუ მოუვა კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება აქციას, მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესები ძალიან მშვიდად წარიმართება.

„რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ოპოზიციას არც ერთ მუნიციპალიტეტში არ შეუძლია არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება. წინა შემთხვევაში იყო განსხვავებული ვითარება, მათ ერთ მუნიციპალიტეტში მოახერხეს არჩევნების მოგება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგება. ამ შემთხვევაში ისინი 64-დან ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებენ ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას. რაც შეეხება აქციას, ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა, ამის მიღმა თუ ვინმე ჩაიფიქრებს კანონის დარღვევას, მიიღებს საკადრის პასუხს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ეწოდება კოლექტიური "ნაცმოძრაობა".

"სინამდვილეში არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. რაც შეეხება არჩევნებთან დამოკიდებულებას, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა "ნაცმოძრაობის" და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს "ლელომ" და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პარტონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორც არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავებები ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოო ჯამში, მათი პატრონი მაინც ერთად თხრის ხოლმე ამ პარტიებს. ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების შანსი. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თუ თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს კანონისგან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გახარია ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა.

 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე