გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის (UNEA-8) ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება კენიის რესპუბლიკაში მიმდინარე UNEA-7-ის ფარგლებში მიიღეს.
„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს სახელით მეორე ვადით არჩეული ვიყო გაერო-ს უმაღლეს პლატფორმაზე, რომელიც გლობალურ დონეზე განსაზღვრავს გარემოს დაცვის დღის წესრიგს. ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩემი ქვეყნისა და რეგიონის სახელით მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გაერო-ს უმაღლეს პლატფორმაზე ისმოდეს ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვისა და ეკოსისტემების მდგრადი მართვის მიმართულებით“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
უწყების ინფორმაციით, გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, რომელიც კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი UNEA-7-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ასამბლეის პლენარულ სესიებს თავმჯდომარეობდა. ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიასა და კომიტეტების საქმიანობაში.
