უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკის ოფისში ჩატარებული ჩხრეკები, არა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ისტორია, არამედ უკრაინის მმართველობითი პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების შესახებ დაწყებული პროცესია, - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საქართველოსთვის − კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ რატომ იყო საჭირო „სუვერენული წინააღმდეგობის“ გაწევა ჩვენთან „უკრაინული ექსპერიმენტების“ დაუშვებლობის კუთხით, სადაც მთელი რიგი სფეროების მართვა (სასამართლო, ანტიკორუფციული სამსახური) უცხოეთიდან პირდაპირ მართვას დაუქვემდებარეს.
"ერმაკის შემთხვევაშიც, მთავარ ინსტრუმენტად კვლავ გამოყენებულ იქნა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) − სტრუქტურა, რომელიც თავიდანვე იქმნებოდა, როგორც ინსტიტუციური გარე დაბალანსების მექანიზმი და დღეს ზემოქმედების ბერკეტად იქცა თავად ხელისუფლების ზედა ეშელონებზე.
НАБУ − 2014 წლის პოსტმაიდანური ეპოქის პროდუქტია. იგი შეიქმნა „რეფორმებისა“ და „ევროინტეგრაციის“ მოთხოვნების ფონზე, თუმცა ფაქტობრივად პარალელურ ძალოვან ვერტიკალად იქცა, რომელიც არც „ლორთქიფანიძის СБУ“-ს, არც „ზღულაძის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ და არც „ადეიშვილის პროკურატურის“ სისტემას არ ექვემდებარებოდა. სამართლებრივად, НАБУ − უკრაინული კანონმდებლობის პროდუქტია, თავისი საკონკურსო პროცედურებით, დამოუკიდებლობით, ხოლო ფაქტობრივად − აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ფართო პატრონაჟის ქვეშ მოქმედი სტრუქტურაა, თავისი საკადრო და ინსტიტუციური მხარდაჭერით; მეთოდოლოგიური კურატორობით (FBI, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი); დასავლეთის საელჩოების პოლიტიკური მფარველობით კიევში.
НАБУ თავიდანვე იგეგმებოდა არა როგორც „სამართლიანობის ინსტიტუტი“, არამედ როგორც დაზღვევის მექანიზმი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინული ელიტების უკონტროლო ქცევის წინააღმდეგ. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში НАБУ ასრულებდა მკაფიო ფუნქციას − სისტემის სტაბილურობის დაცვას ომის პირობებში.
ანტიკორუფციული რიტორიკა ფარავდა მთავარ ამოცანას:
უზრუნველყო ხელისუფლების პროგნოზირებადობა, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობდა სამხედრო და ფინანსური დახმარება. ამ პერიოდში НАБУ იყო არა ხელკეტი, არამედ რეჟიმის დამცველი. ვაშინგტონში ხელისუფლების ცვლილებამ НАБУ-ს მიმართ ფუნდამენტური დამოკიდებულება შეცვალა. უკრაინა გადავიდა მის მიმართ პირობითი ნდობის რეჟიმში, როდესაც გაუქმდა ფარული პოლიტიკური იმუნიტეტები;
„ხელშეუხებელთა კასტა“ აღარ არსებობს;
ანტიკორუფციული სტრუქტურები იღებენ მკაფიო სიგნალს იმოქმედონ. ანდრეი ერმაკთან დაახლოებულ სტრუქტურებში ჩატარებული ჩხრეკები − ეს არ არის სისხლის სამართლის სენსაცია, ეს არის პოლიტიკური გზავნილი:
პრეზიდენტის ოფისი აღარ არის დახურული ზონა;
გადაწყვეტილების მიღების ცენტრი აღარ არის მონოლითური;
ელიტებს სთავაზობენ გადახედონ საკუთარ ორიენტაციას.
ანდრეი ერმაკი უბრალოდ ჩინოვნიკი არ არის. ის არის პერსონალური ხელისუფლების მოდელის არქიტექტორი, საგარეო კონტაქტების კოორდინატორი, პრეზიდენტთან მისასვლელი ფილტრი და რეალური ადმინისტრაციული მართვის ცენტრი. მის გარემოცვაზე დარტყმა ნიშნავს არა იმდენად პირდაპირ შეტევას ზელენსკიზე, არამედ გაფრთხილებას მისთვის. ეს გზავნილი ცალსახად იკითხება:
„თქვენ აღარ ხართ ერთადერთი გარანტი მმართველობის კონტროლირებადობისა − აქ ვაჭრობა შესაძლებელია“. ეს ჯერ არ არის გადატრიალება. ეს არის გადაფორმატების მომზადება, რაც ამ ეტაპზე არ ნიშნავს: ხელისუფლების დაუყოვნებლივ დემონტაჟს;
დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას;
ძალადობრივი სცენარის ამუშავებას.
ეს არის მართვადი დესტაბილიზაციის პროცესის ამოქმედება − პოლიტიკური ციკლის შეცვლის კლასიკური მეთოდი სისტემის ჩამოშლის გარეშე. ამ კონსტრუქციაში НАБУ არა სუბიექტი, არამედ ძველი ურთიერთობების მოდელის დასრულების, ახალი კონფიგურაციისკენ გადასვლის; მომავლის შესახებ წინასწარი მოლაპარაკებების დაწყების ინდიკატორი. დღეს НАБУ უკვე არ არის უბრალოდ „კორუფციასთან მებრძოლი ორგანო“. ეს არის გარე ნდობის ბარომეტრი და ელიტებზე ზემოქმედების ინსტრუმენტი.
ერმაკთან დაკავშირებული ჩხრეკები − არ არის „კანონის დარღვევის“ საკითხი. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ერთ კონკრეტულ გუნდზე უპირობო ფსონის ეპოქა დასრულდა. უკრაინას არ ტოვებენ. მაგრამ მისგან და მისი ხელმძღვანელობისგან ახლა ელიან არა ლოიალობას, არამედ გადაწყობასა და ადაპტაციას. და სწორედ ეს არის მიმდინარე პროცესების მთავარი არსი", - აცხადებს ქართველიშვილი.
