კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამბოში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვა. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა ექვსმა სპორტსმენმა აჭარიდან, ამათგან ორმა, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა ნინი დარჩიამ და ანანო კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ნინი დარჩია მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის პრიზიორია, რაც შეეხება ანანო კინწურაშვილს, ის არის ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის ჩემპიონი, სამბოში ეს მისი პირველი შეჯიბრება იყო.
გოგონები უკვე დაბრუნდნენ საქართველოში. ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ევროპის პრიზიორებს თანაგუნდელებმა და სპორტსკოლის ხელმძღვანელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებებიც უსურვეს.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენს გოგონებს წინ არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ, თუმცა მთავარი შეჯიბრება, რისთვისაც მზადებას უკვე ხვალიდან დაიწყებენ, ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.