ქართველი ხელბურთელების მეტოქეები 15 მაისს გაირკვევა

13 მაისი 2025, 09:19 90 ნახვა

დასრულდა ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 2026 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.

ფინალური ეტაპის წილისყრა 15 მაისს დანიაში გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდებიან. წილისყრამდე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მონაწილე გუნდები კალათებში გადაანაწილა, საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში მოხვდა. ქართველებთან ერთად არიან სერბეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა და იტალია.

ფინალურ ეტაპზე გუნდები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან, ორ-ორი საუკეთესო მომდევნო რაუნდში გავა, სადაც ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, მესამეადგილოსნები კი მეხუთე პოზიციის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.

ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 15 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი