„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ პარლამენტის ყოფილ წევრს, დავით ლორთქიფანიძეს უსმენენ.
დავით ლორთქიფანიძემ კომისიის სხდომაზე 26 მაისის აქციის მოვლენები გაიხსენა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მიზანი იყო, ნებისმიერი საშუალებით რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, რის გამოც ცდილობდნენ საზოგადოებაში შიშის დათესვას და ამის გამოხატულება იყო 26 მაისის ცნობილი მოვლენები.
„რეჟიმის, რომელიც 2003 წლიდან ამ ქვეყანას, პირდაპირი გაგებით, ჯიჯგნიდა, მთავარი არსი იყო, ნებისმიერი საშუალებით რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ. ამიტომ, არაფერს ერიდებოდნენ, იყვნენ დაუნდობელნი. ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ დაეთესათ შიში, საზოგადოებაში ყოფილიყო განცდა, რომ მაინც აზრი არ აქვს, ჩვენ რაც არ უნდა ვიბრძოლოთ, მაინც ვერაფერს მივაღწევთ. ამისი ნათელი გამოხატულება იყო 26 მაისის ცნობილი მოვლენები. მოგეხსენებათ, მანამდე აქციები იმართებოდა, არაერთი აქცია წლების განმავლობაში, თუნდაც 7 ნოემბრის აქცია, 6 მაისის აქცია, რომლის მონაწილეებიც ჩვენ, ყველანი, უმეტესობა ერთად ვიყავით. 26 მაისის ღამეს საშინელი ამინდი იყო, კოკისპირული, თავსხმა წვიმა და ღამის 12:00 საათზე, აბსოლუტურად გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი. ფაქტობრივად, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს და სამართლიანად აპროტესტებდნენ, მოაქციეს, ასე ვთქვათ, ყულფში, რომ მათ გასასვლელი არ ჰქონოდათ. გამოიყენეს რა სახის, რამდენი სახის საბრძოლო ტექნიკა, მხუთავი აირი, ხმოვანი სიგნალები და ადამიანებს არ მისცეს საშუალება, ერთი გასასვლელი ჰქონოდათ, რათა გარიდებოდნენ ამას. მიზანი იყო დასჯა. იმ ღამეს ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, ვხედავდით აქციის დროს - ქალბატონი ნონა, გოგი ქავთრაძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, თამაზ მეჭიაური და ბევრი. დარბევა როდესაც დაიწყო, ვისაც წამოედებოდნენ, წაელეწებოდნენ, იჭერდნენ, ხელებზე უკეთებდნენ პლასტმასის მარყუჟებს. ლუკა კურტანიძეს რამდენიმე გაუკეთეს, ეტყობა, იფიქრეს, ერთს გაწყვეტსო. შემდეგ ყველა ეს ხალხი შერეკეს რუსთაველის კინოთეატრში და იქ აგრძელებდნენ ამ ადამიანებზე ფიზიკურ ზემოქმედებას. დამტვრეულ, დასახიჩრებულ ადამიანებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ეზიდებოდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რადგან სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ჰქონდათ დარჩენილი. ჩვენ, ვინც მოვახერხეთ და აქედან გავედით, იქ ვიყავით და დილის საათებში უკვე იქ მოჰყავდათ სასწრაფო მანქანები, ამისი კადრები არსებობს. პალატები როცა გაივსო დამტვრეული ადამიანებით, შემდეგ იატაკზე ყრიდნენ ამ დამტვრეულ ადამიანებს, სისხლში იყო ყველაფერი მოსვრილი. მაშინ ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, პირადად მე ვიყავი შესული, იქნებ საფენები, ადიელა, რათაც გამოიტანოთ-მეთქი, იატაკზე დააფინოთ და აქ მაინც დააწვინოთ ეს ადამიანები-მეთქი. კატასტროფული მდგომარეობა იყო. მახსოვს, დილით, გამთენიისას, ოთხი-ხუთი სააათი იქნებოდა, მოვიდა ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ხმამაღალი ხმით ეკითხებოდა სპეცრაზმელებს, ირაკლი სად არისო. ირაკლი და არაერთი ადამიანი იმ ღამეს ზოგი მოიპარეს, ზოგი წაიყვანეს სადღაც ქალაქგარეთ, სასაფლაოებზე დაყარეს, დატოვეს. ამ ქალბატონთან ძალიან უხეში საუბარი ჰქონდათ სპეცრაზმელებს. რა თქმა უნდა, ჩავერიე და ვუთხარი, ქართველები არა ხართ, ქალბატონია, როგორ ელაპარაკებით-მეთქი. თან ვუთხარი, ირაკლის მეუღლეა-მეთქი, ვიფიქრე, გენერალი კაცია, გაჭრის რაღაც ამათთან-მეთქი. ისეთი აგრესია იყო მათგან, კარგად მითავაზეს ხელკეტი, ეგრეთ წოდებული დუბინკა, მაგრამ გადავრჩი სერიოზულ დაზიანებას“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.