საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში პირველი საკონტროლო შეხვედრა ისრაელთან გამართა და 66:76 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა განაცხადში 13 კალათბურთელი შეიყვანა.
მათგან მოედანზე არ გაუყვანია ილია ლონდარიძე, გიორგი სულაბერიძე და ლუკა მაზიაშვილი. განაცხადში არ იყო ამერიკელი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 13 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, 12-12 ქულა ჰქონდათ თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძეს, 10 ქულა და 8 მოხსნა – გოგა ბითაძეს. „ჯვაროსნები“ მეორე საკონტროლო მატჩს 8 აგვისტოს ესტონეთთან გამართავენ.