საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას დღეს ჩეხეთთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდისთვის ევრობასკეტის მოსამზადებელ ეტაპზე ეს რიგით მეექვსე ამხანაგური შეხვედრა იქნება, წინა თამაშებში საქართველო დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება, ის ესპანეთში სარეაბილიტაციო კურსს გადის და გუნდს ევრობასკეტის დაწყებამდე კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში შეუერთდება.
ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება „ტორონტო რაპტორსის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი. ჩეხეთისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებების მატჩი ქალაქ პარდუბიცეში ჩატარდება, რის შემდეგაც ქართველი კალათბურთელები კვიპროსში გაემგზავრებიან. ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე საქართველო გამოსვლას 28 აგვისტოს ესპანეთთან შეხვედრით დაიწყებს.
C ჯგუფში ამ გუნდების გარდა მასპინძელი კვიპროსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საბერძნეთი და იტალია ითამაშებენ.