საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში

25 აგვისტო 2025, 14:01 207 ნახვა

დღეს ანგისის მშვილდოსნობის ბაზაზე სტარტი აიღო ევროპის გრან-პრის გამარჯვებულის, ოთხგზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის, ღირსების ორდენის კავალერის ხათუნა ნარიმანიძისა და ევროპის ჩემპიონის გუნდურ ჩათვლაში, სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის ასმათ დიასამიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა მშვილდოსნობაში.

შეჯიბრებაში 4 ქვეყნის - საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის 80 მშვილდოსანი მონაწილეობს.

ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში - დიდებში, ახალგაზრდებში, იუნიორებსა და კადეტებში, ოთხ დისტანციაზე ტარდება. ტურნირი ტრადიციულია და ჩვენი რეგიონი მას უკვე მეცხრედ მასპინძლობს. ორგანიზატორთა განცხადებით, ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 1-12 სექტემბერს სამხრეთ კორეაში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ კანადაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის იასპარეზეს ქართველმა მშვილდოსნებმა.

პირად ჩათვლაში სანდრო მაჭავარიანმა მეექვსე, დავით ბასილაძემ კი მე-15 ადგილი დაიკავეს. საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში 27 აგვისტოს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი