სტამბოლში თურქეთის პოლიციამ პირველი მაისის დღისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქცია დაშალა. მომიტინგეებისა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს და ავტობუსით პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს.
სტამბოლში პირველი მაისის დღისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციები პროფკავშირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგეგმეს. მომიტინგეები ტაქსიმის მოედანზე მსვლელობას ისახავდნენ მიზნად, სადაც ყველა სახის საპროტესტო აქცია აკრძალულია. პოლიციამ სტამბოლის ცენტრალურ ბეშიქთაშისა და შიშლის რაიონებში შეკრებილი მომიტინგეები ალყაში მოაქცია და უკან დაახევინა.
შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეები აკრძალვის მიუხედავად პოლიციის ბარიკადების გარღვევას და ტაქსიმის მოედანზე მისვლას ცდილობდნენ.
მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში ყოველწლიურად იმართება საპროტესტო აქციები.