რომის პაპი აირჩიეს

08 მაისი 2025, 20:33 139 ნახვა

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ 133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაესი პონტიფექსი აირჩია. 

პაპის ვინაობასა და მის მიერ აღებულ საპაპო სახელს კარდინალი პროტოდიაკონი მამბერტი უახლოეს საათში გამოაცხადებს - ცნობილი ფორმულით: HABEMUS PAPAM (ჩვენ გვყავს მამა). 

გამოცხადების შემდეგ ახალი პონტიფექსი წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე წარდგება და, პირველი სიტყვის შემდეგ, წარმოთქვამს კურთხევას - URBI ET ORBI - ქალაქსა და ქვეყნიერებას. 

თეთრი კვამლი ასევე გვამცნობს, რომ კანდიდატმა ხმათა ორი-მესამედის მოგროვება შეძლო. (აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ხმათა მარტივი უმრავლესობა - ნახევარზე ერთით მეტი სჭირდება).

კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა და იმავე დღეს გაიმართა ერთი კენჭისყრა - კვამლი შავი იყო. 

შემდეგ დღეებში ოთხი კენჭისყრა იმართება ყოველდღიურად - ორი დილით, ორი საღამოს. 

დღეს, 8 მაისის დილას ორი კენჭისყრა შედგა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთდროულად დაწვეს. პაპი კონკლავმა საღამოს აირჩია - მეოთხე სესიაზე. 

აღსანიშნავია, რომ პაპი ბენედიქტე და ფრანცისკე კონკლავის მეორე დღის მეოთხე და მეხუთე სესიებზე აირჩიეს. იოანე-პავლე მეორე კი მესამე დღეს, რიგით მერვე კენჭისყრაზე, აირჩიეს. 

მეოცე საუკუნეში ყველაზე დიდხანს კონკლავი ხუთ დღეს, პიუს მეთერთმეტის არჩევისას გაგრძელდა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში