დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალა. ის სტუდენტები, რომლებიც ჰარვარდში უკვე სწავლობენ, სხვა სასწავლებელში უნდა გადავიდნენ, ან იურიდიულ სტატუსს დაკარგავენ. შესაბამისი სერტიფიკატი ადმინისტრაციამ 22 მაისს გააუქმა.
შიდა უსაფრთხოების მდივნის განცხადებით, სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გაუქმდა. კრისტი ნოემმა უნივერსიტეტი ძალადობისა და ანტისემიტიზმის წახალისებაში, ასევე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში დაადანაშაულა. ჰარვარდის უნივერსიტეტის განცხადებით, ეს ნაბიჯი უკანონოა.
აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტში სტუდენტები და მეცნიერები 140-ზე მეტი ქვეყნიდან ჩადიან. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კი შურისმაძიებელი ქმედებაა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და შეერთებულ შტატებს, ასევე ძირს უთხრის ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას.