რუსმა სამხედროებმა ხარკოვზე მორიგი მასშტაბური შეტევა განახორციელეს. დაიღუპა სამი ადამიანი და 17 დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების, მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 18 საცხოვრებელი კორპუსი და 13 კერძო სახლი.
მისივე ინფორმაციით, დაზარალდა კიევისა და ოსნოვიანსკის რაიონები. კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოს დაარტყეს.
„სამოქალაქო საწარმოზე თავდასხმის შედეგად 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. დაფიქსირდა ოთხი სახელოსნოს შენობის დაზიანება. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა სინეგუბოვმა.