ისრაელის პოლიციის განცხადებით, ქალაქ პეტაჰ ტიკვაზე ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ირანმა გამთენიისას თელ-ავივსა და საპორტო ქალაქს ჰაიფას დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანის მოსახლეობა „მალე გადაიხდის ფასს“.
ისრაელის ეროვნული საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა მონაცემები, რომლის თანახმად პარასკევიდან მოყოლებული ირანის ისრაელზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, ირანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა. გასული ღამით სარაკეტო იერიშის დროს ისრაელში 100 ადამიანი დაშავდა.
თელ-ავივში აშშ-ის საელჩომ მუშაობა შეაჩერა, რადგან ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად საელჩოს შენობა დაზიანდა. ბნეი ბრაკის დასახლებულ უბანში მდებარე სინაგოგა დაზიანდა.
ირანის განათლების სამინისტრომ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაკეტა. სკოლები სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადადიან ისრაელშიც. გაუქმდა გამოცდები.