ირანი ურანის გამდიდრების განახლებას რამდენიმე თვეში ან უფრო ადრე შეძლებს, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განცხადა. აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა კი თეირანის ბირთვულ პროგრამას ტოტალური ზიანი ვერ მიაყენეს.
გროსის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა ბირთვულ პროგრამას სერიოზული ზიანი მიაყენა, მაგრამ ეს ტოტალური ზიანი არ ყოფილა.
"ირანს აქვს სამრეწველო და ტექნოლოგიური სიმძლავრე, ასე რომ, თუ მოინდომებს, ამის თავიდან დაწყებას შეძლებს“ - აცხადებს გროსი.
იგი არ გამორიცხავს, რომ თეირანი გამდიდრებულ ურანს ბირთვული ბომბის შესაქმნელად გამოიყენებს.
ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც IAEA-სთან თანამშრომლობის შეჩერებას ითვალისწინებს.
ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე იერიში 13 ივნისს მიიტანა და აცხადებდა, რომ თეირანი ბირთვული ბომბის შექმნასთან ახლოს იყო. მოგვიანებით ოპერაციას აშშ შეუერთდა - ამერიკულმა ავიაციამ ირანის სამი ბირთვული ობიექტი: ფორდო, ნატანზი და ისფაჰანი დაბომბა.