თურქეთის დასავლეთ იზმირის პროვინციაში მასშტაბური ხანძარი მეორე დღეა მძვინვარებს. სქელი კვამლით მოცულია ქალაქი სეფერიჰისარი.
იზმირის კუიუჯაკისა და დოგანბეის რაიონებში ცეცხლი ღამით საათში 40-50 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი ქარის გამო გაძლიერდა. ევაკუირებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ბოლო წლებში თურქეთის სანაპირო რეგიონებში გახშირდა ტყის ხანძრები, რადგან ზაფხული უფრო ცხელი და მშრალი გახდა, რასაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
ქალაქ ჰათაიში ორშაბათს საღამოს ცეცხლი უშუალოდ მიუახლოვდა საცხოვრებელ სახლებს, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორმა, მუსტაფა მასათლიმ, განაცხადა, რომ სულ მცირე 20 სახლი დაცარიელდა და ადამიანები საერთო საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხუთი რეგიონიდან 50 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის 42 ათასზე მეტი იზმირში.