ევროპის ხუთი ქვეყანა რუსეთისგან საზღვრის დასაცავად ე.წ დანაღმული სარტყლის შექმნას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნატო-ს წევრმა 5-მა ქვეყანამ - ფინეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა განაცხადეს, რომ ტოვებენ ოტავას კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება, წარმოებას და მესამე ქვეყნებისთვის გადაცემას კრძალავს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის მეზობელი ევროპული ქვეყნების გეგმა თუ განხორციელდება, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში დამონტაჟდება. ნატო-ს წევრ ხუთ ქვეყანას, საერთო ჯამში, რუსეთთან 3500-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ ნატო-ში უკვე დაიწყეს ანალიზი, საზღვრის რომელი მონაკვეთების დანაღმვა არის შესაძლებელი.