რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2022 წელს უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო. ამის შესახებ პუტინმა ალასკაში ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მახსოვს, 2022 წელს ბოლო კონტაქტების დროს მაშინდელ ადმინისტრაციასთან, როგორ ვცდილობდი დამერწმუნებინა მაშინდელი ჩემი კოლეგა [ჯო ბაიდენი], რომ არ იყო საჭირო სიტუაციის იქამდე მიყვანა, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა სამხედრო მოქმედებების სახით. მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.
ჩვენ გვესმის, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს "მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა". ვფიქრობ, ეს მართლაც ასეა", - განაცხადა პუტინმა.
პრესკონფერენციაზე პუტინმა ტრამპი მორიგი შეხვედრისთვის მოსკოვში მიიპატიჟა.
ალასკაში შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში ჩატარდა და დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი.