პუტინი - ტრამპის ისტორიული შეხვედრა

16 აგვისტო 2025, 11:59 111 ნახვა

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ისტორიული შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში - ორსაათნახევრიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში პრეზიდენტებმა ისაუბრეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.  

პირველი სიტყვით გამოვიდა პუტინი, რომელმაც კონსტრუქციული უწოდა ტრამპთან მოლაპარაკებას და აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მეგობრული ტონისთვის.

სამიტის დასრულებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მალე დაუკავშირდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს.

პუტინმა კი მომავალ შეხვედრაზე მიანიშნა, სიტყვებით - „შემდეგში მოსკოვში“. შეხვედრა მოსალოდნელზე მოკლე იყო და ჟურნალისტების შეკითხვების გარეშე დასრულდა.

ალასკის სამიტთან დაკავშირებით ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული მიზნები მოიცავდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და პუტინის დათანხმებას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად.

ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს. სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყურადღების ცენტრში მყოფი სამიტის ამგვარი დასასრული თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა მის პომპეზურ დასაწყისთან - როცა პუტინი ალასკაში, საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, მას წითელი ხალიჩა დაახვედრეს, ტრამპი პუტინს გულთბილად შეეგება, ბაზაზე გადაიფრინეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში