Fox News მელანია ტრამპის პუტინისთვის მიწერილ წერილის ტექსტს აქვეყნებს

17 აგვისტო 2025, 15:36 182 ნახვა

Fox News მელანია ტრამპის პუტინისთვის მიწერილ წერილის ტექსტს აქვეყნებს.

აშშ-ის პირველი ლედი რუსეთის პრეზიდენტს მთელი მსოფლიოს ბავშვებისა და მომავალი თაობების დაცვისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ წერილში არ არის ნახსენები უკრაინა ან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება. წერილის ტექსტში პირველი ლედი აღნიშნავს, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად წარმომავლობის ქვეყნისა ან სოციალური სტატუსისა, ერთნაირი ოცნებები აქვს – სიყვარულზე, შესაძლებლობებზე და საფრთხისგან დაცულობაზე.

მელანია ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ლიდერების პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ ბავშვებს, რამდენიმე ადამიანის კომფორტს სცილდება.

„ძვირფასო პრეზიდენტო პუტინ. ყველა ბავშვს გულში ერთი და იგივე მშვიდი ოცნებები აქვს, იქნება ეს სოფელში, თუ დიდი ქალაქის ცენტრში დაბადებული ბავშვი. ისინი ოცნებობენ სიყვარულზე, შესაძლებლობებსა და უსაფრთხოებაზე.

 

ჩვენი, როგორც მშობლების მოვალეობაა, ვიზრუნოთ მომავალი თაობის იმედზე. ჩვენი, როგორც ლიდერების პასუხისმგებლობა, დავიცვათ ბავშვები, სცილდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს. უდავოა, უნდა ვეცადოთ, რომ ყველასთვის ღირსებით სავსე მსოფლიო შევქმნათ - რათა ყველამ მშვიდობიანად გაიღვიძოს და მომავალიც იდეალურად იყოს დაცული. ბატონო პუტინ, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, მარტივი, მაგრამ ღრმა კონცეფცია არის ის, რომ თითოეული თაობის შთამომავლები ცხოვრებას სიწმინდით იწყებენ - უმანკოებით, რომელიც გეოგრაფიაზე, მმართველობასა და იდეოლოგიაზე მაღლა დგას.

 

ბატონო პუტინ, თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ მათი მელოდიური სიცილი. ამ ბავშვების უდანაშაულობის დაცვით, თქვენ მხოლოდ რუსეთს კი არა, თავად კაცობრიობას გაუწევთ სამსახურს. ასეთი თამამი იდეა ყველა ადამიანურ წინააღმდეგობას სცილდება და თქვენ, ბატონო პუტინ, შეგიძლიათ დღეს კალმის ერთი მოსმით განახორციელოთ ეს ხედვა. დროა“, - წერს მელანია ტრამპი.

აშშ-ის პირველი ლედის წერილი პუტინს აშშ-ის პრეზიდენტმა ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს გადასცა. Fox News-ის ცნობით, პუტინმა წერილი მიღებისთანავე, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების თანდასწრებით წაიკითხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში