უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა - ისინი სამხედრო სამსახურში ავტომატურად დარეგისტრირდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია აავრცელებს.
ცვლილების თანახმად, სამედიცინო განათლების მქონე ქალები ავტომატურად რეგისტრირდებიან სამხედრო სამსახურში მათი პირადი მონაწილეობის გარეშე. ისინი, ასევე, ვალდებულნი არიან, სწავლის დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში გამოცხადდნენ დასაქმებისა და სოციალური დახმარების ტერიტორიულ ცენტრში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალი შეიძლება დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ წარმოებას, გამოცხადდეს ძებნილად და დაჯარიმდეს, როგორც ეს მამაკაცების შემთხვევაშია. მობილიზაციის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული ჯარიმა 17 000-დან 25 000 უკრაინულ გრივნამდეა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც ამზადებენ სპეციალისტებს მედიცინისა და ფარმაციის სფეროში, უნდა წარუდგინონ თავიანთი ქალი კურსდამთავრებულების სიები დასაქმებისა და სოციალური დახმარების ტერიტორიულ ცენტრებს მათი მომზადების დასრულებიდან შვიდი დღის განმავლობაში. ეს მონაცემები ხდება ქალების სამხედრო სამსახურის ერთიან სახელმწიფო რეესტრში ავტომატური ჩართვის საფუძველი.
რეგისტრაციის მიუხედავად, ქალებს შეუძლიათ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით წასვლა. ქალების სავალდებულო მობილიზაცია ამჟამად კანონით არ არის გათვალისწინებული.