უკრაინის კონსტიტუციით, ტერიტორიის დათმობა შეუძლებელია და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა არ ვიცით, ყველა მათგანის განხილვას დრო დასჭირდება, თუ იმდენი მოთხოვნა იქნება, რამდენიც მოვისმინეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამის გაკეთება ახლა, საბრძოლო ზეწოლის ქვეშ შეუძლებელია, ამიტომ საბოლოო შეთანხმების სწრაფად მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. შედეგად, აუცილებელია „რეალური მოლაპარაკებები“, რომელიც დაიწყება იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზია.
„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა პრაქტიკაში იმუშაოს ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება გარანტია, რომ რუსეთი მის ოკუპაციას არ გააგრძელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ იმედი აქვს, თეთრი სახლის ვიზიტი პროდუქტიული იქნება.