„მსურველთა კოალიციის" ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

18 აგვისტო 2025, 10:16 111 ნახვა

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, „მსურველთა კოალიცია“ უკრაინაში ძალებს განალაგებს, – ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  გაიმართა „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტიც. ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილეს „უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები „ძალიან აფასებენ პრეზიდენტ ტრამპის ვალდებულებას, უზრუნველყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები“, რომლის პრაქტიკულ განხორციელებაშიც „მსურველთა კოალიცია“ ჩაერთვება.

„შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დამხმარე ძალები განალაგონ, ასევე ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და აღადგინონ უკრაინის შეიარაღებული ძალები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის სურვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში