ღაზაში, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ჟურნალისტი, რომელთაგან ერთი სააგენტო „როიტერსში“ მუშაობდა - განაცხადეს პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა.
პირველი დარტყმის დროს დაიღუპა „როიტერის“ ოპერატორი ჰუსამ ალ-მასრი. მეორე დარტყმის დროს დაიჭრა ფოტოგრაფი ჰატემ ხალედი, რომელიც ასევე „როიტერისთვის“ მუშაობდა.
ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას დარტყმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თვითმხილველების თქმით, მეორე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მაშველები, ჟურნალისტები და სხვები თავდასხმის ადგილზე მივიდნენ.
პალესტინელი ჟურნალისტების გაერთიანების მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 240-ზე მეტი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა.