ლონდონში მეტროს თანამშრომლები გაიფიცნენ

08 სექტემბერი 2025, 13:05 112 ნახვა

ლონდონის მეტროს მუშაკების გაფიცვის გამო ლონდონელები   სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. დედაქალაქის მეტროს ხაზები   ხუთშაბათის ჩათვლით გაჩერდა.

შეფერხდა ეროვნული რკინიგზის, ელიზაბეტის ხაზის და ოვერგრაუნდის მომსახურება, რადგან ზოგიერთი მარშრუტი ლონდონის მეტროს ლიანდაგებსა და მეტროს სადგურებში გადის. ავტობუსების გაჩერებებზე  გრძელი რიგებია. 

მეტროს გაფიცული თანამშრომლები  ხელფასებსა და სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. რკინიგზის, საზღვაო და ტრანსპორტის მუშაკთა ეროვნული კავშირის განცხადებით, გაფიცვა ხელფასს, ცვლების რეჟიმს და სამუშაო კვირის შემცირებას ეხება. ლონდონის ტრანსპორტის კომპანიამ, რომელიც დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს მართავს, განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია მეტროს მუშაკთა პროფკავშირის მიერ მოთხოვნილი 35-საათიანი სამუშაო კვირის 32-მდე შემცირება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ  უთანხმოების მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა გასწია და თანამშრომლებს ხელფასის 3.4%-ით გაზრდა შესთავაზა.  ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის შეფასებით, გაფიცვა შესაძლოა  ეკონომიკას 230 მილიონი ფუნტი დაუჯდეს. ვარაუდობენ, რომ გაფიცვის შედეგად ყველაზე მეტად ლონდონის ცენტრში მდებარე მაღაზიები, რესტორნები და ბარები დაზარალდებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი